ტერიტორიული წარმოსახვა სუვერენული სახელმწიფოს ფარგლებში
საზღვარი, დღევანდელი გაგებით არის ხაზი, რომელიც ჰყოფს ორ ქვეყანას ერთმანეთისაგან. სახელმწიფო საზღვრები მჭიდროდაა გადაჯაჭვული, როგორც ეკონომიკურ, ისე სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებთან. ამერიკელი მკვლევარი ჯონ ჰერცი წერდა, რომ საზღვრები პირდაპირ კავშირშია სახელმწიფოებრივ უსაფრთხოებასთან. საზღვარი ერთგვარ დამცავ გარსს წარმოადგენს, რომელიც მკაფიოდაა გამოყოფილი და რომლის დაცვა სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვასთან ასოცირდება. საუკუნეების მანძილზე, სახელმწიფოებისა და პოლიტიკური ერთეულების უმთავრესი დამახასიათებელი თვისება მათივე ტერიტორიულობა გახლდათ.
ტერიტორიას ორი მთავარი ტიპის ღირებულება შეიძლება ჰქონდეს: თანდაყოლილი და სიმბოლური ღირებულებები. თანდაყოლილ ტერიტორიული ღირებულებაში იგულისხმება ქვეყნის ბუნებრივი რესურსები, პოპულაციაზე კონტროლი, სტრატეგიული მნიშვნელობა და სხვ. რაც შეეხება სიმბოლურ ღირებულებას, იგი უფრო მეტად აისახება კოლექტიურ ცნობიერში იდენტობისა და ეთნიკურობის გაგების სახით. ტერიტორიის სიმბოლური ღირებულების კონსტრუირებაში დიდი წვლილი შეაქვს ქვეყნის ისტორიას და გარკვეული ისტორიული ფაქტების აღქმას მოსახლეობის მიერ. ტერიტორიას ზოგჯერ „დემოგრაფიულ კონტეინერსაც“ კი უწოდებენ, რომელიც იტევს ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს და მათ იდენტობას ტერიტორიულ სიმბოლიზმს სძენს. კონკრეტული ტერიტორია ეკუთვნის კონკრეტულ ადამიანთა ჯგუფს, იგი მხოლოდ მათია და სხვა არავისი. ტერიტორია ამგვარი მიკუთვნებულობითი გაგებისა და თანდაყოლილი ღირებულებების ერთობლიობა არიან ის ფაქტორები, რომლებიც ზოგჯერ კონფლიქტებს განაპირობებენ (Starr, 2006).
ამასთანავე, ტერიტორიის სიმბოლური ღირებულება ტერიტორიის შიგნით და მის გარეთ მყოფ ადამიანებს შორის ქმნის ჩვენი და სხვის ბინარულობას, რომელიც თავის მხრივ გარკვეულ ტერიტორიაზე მყოფი ადამიანების უნიფიკაციას უწყობს ხელს, როგორც ერთიანი ჯგუფს ერთი სახელმწიფოებრივი ინტერესებით.
მკაცრად განსაზღვრული ტერიტორიული ერთეულის არსებობას მოითხოვს თანამედროვე პოლიტიკური პროცესები და საერთაშორისო სამართალი. მართალია, გარკვეული ტერიტორიის შიგნით, მისივე მოსახლეობის მიერ სახელმწიფოებრიობის და სუვერენობის აღქმას დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა თანაბარმნიშვნელოვნად შეგვიძლია მივიჩნიოთ სხვა ქვეყნების მიერ აღიარებაც. სახელმწიფოებრიობის აღიარება საზღვრების ფარგლებში ნიშნავ ექსტერნალურ ლეგიტიმაციას, რომლის გარეშეც საერთაშორისო ასპარეზზე გამოსვლა ქვეყნისთვის რთული ან შეუძლებელია.
მსჯელობამ აჩვენა, რომ საზღვრებისა და ტერიტორიულობის არსებობა ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია სუვერენული სახელმწიფოს არსებობისათვის. განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს სახელმწიფო ახლად დაბადებულია - ასეთ დროს, ერთ-ერთი პირველი სვლა მკაფიო ტერიტორიული საზღვრების გავლება უნდა იყოს, რომელიც, იდეალურ შემთხვევაში, არსებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის ისტორიული იდენტობის გრძნობასთან თანხვედრაში უნდა მოდიოდეს. ამასთან ერთად, სახელმწიფო რუკის შექმნის პროცესში მნიშვნელოვანია გათვალისწინებულ იქნეს ე.წ. bona fide საზღვრები (ნიშნავს ბუნებრივ საზღვარს - მთათა სისტემები, ზღვები...), რომლებიც მეტ-ნაკლებად ასრულებენ გამყოფების როლს ყოველგვარი სახელმწიფოებრივი გაგების გარეშეც. (Smith, 1995).
References
Starr, Harvey. “International Borders: What They Are, What They Mean, and Why We Should Care.” The SAIS Review of International Affairs 26, no. 1 (2006): 3–10. https://www.jstor.org/stable/26999290.
Smith, Barry, 1995, "On Drawing Lines on a Map" in A. U. Frank, W. Kuhn and D. M. Mark (eds.), Spatial Information Theory. Proceedings of COSIT 1995, Berlin/Heidelberg/Vienna/New York/London/Tokyo: Springer Verlag, 475–484.
Cover image: “Man crossing the unrecognized border between Georgia and Abkhazia, 2016.” Photo by Rebecca Bryant. Used by permission